– ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების კომპანიის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები! Marketer.ge-ს ინტერვიუ ,,ვეზირი”-ს მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ამიკო კალანდიასთან
ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანია „ვეზირი“ 25 წლის გახდა. ამ პერიოდში, მათ 200-ზე მეტი პროექტი განახორციელეს. ამ გზაზე იყო ბევრი სირთულე, წარმატებული „ქეისი“, თუ – ცვლილება. სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ.
ამ ყველაფერზე კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ამიკო კალანდიასთან ერთად გიამბობთ. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.
„ვეზირის“ შექმნის იდეა 1996 წელს გაჩნდა. დამფუძნებლებმა, მაშინ, რადიოკავშირის მოწყობილობების გაყიდვა გადაწყვიტეს. თუმცა, თავიდანვე იცოდნენ, რომ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდებოდნენ, მათ ბევრად დიდი მიზნები ჰქონდათ.
„სახელი „ვეზირი“ საკმაოდ სიმბოლური და ფილოსოფიური დატვირთვის მატარებელია. მათ მომხმარებელი გააიგივეს მეფესთან, თავად კომპანია მის ერთგულ მსახურთან – „ვეზირთან“. ეს დამოკიდებულება დღემდე რჩება ამ კომპანიის მთავარ ღირებულებად“.
25 წლის განმავლობაში, ბევრი ახალი მიმართულება განავითარეს. შექმნეს ახალი პროდუქტები და მოიფიქრეს ახლებური გადაწყვეტები. ამიტომ, მათი მომსახურების არეალი ყოველწლიურად ფართოვდება. გაიზარდა როგორც კონტრაქტორების, ისე თანამშრომლების რიცხვი.
„დღეს ვასაქმებთ 400-მდე ადამიანს, გვყავს 50-ზე მეტი საიმედო პარტნიორი და გვაქვს 200-მეტი განხორციელებული პროექტი. მათ შორისაა ძალიან მასშტაბური და ეროვნული მნიშვნელობის პროექტები“.
„ვეზირი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი დონის საინჟინრო გადაწყვეტებს სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სფეროში. ემსახურება ბიზნესს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ამიკო კალანდია: თითოეულს მათზე მორგებულ, სრულიად უნიკალურ და ინტეგრირებულ სისტემურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ. ჩვენთან ყველაფერი ცენტრალიზებულად იმართება, ეს კი ბევრად უფრო პრაქტიკული და ეფექტურია, ვიდრე სხვადასხვა სისტემის ცალ-ცალკე მოწყობა.
კომპანიის დაარსების დღიდან, განსაკუთრებით რომელ პროექტებს გამოარჩევდით?
ჩვენს პორტფოლიოში ბევრი საამაყო პროექტია. მათ შორის განსაკუთრებულია ეროვნული ბანკის საცავის უსაფრთხოების გადაწყვეტები; სახანძრო უსაფრთხოების უნიკალური პროექტი საქართველოს არქივის საცავებში; ბიზნეს გადაწყვეტები თიბისი ბანკში, კერძოდ სატელეფონო სისტემა, ქოლ-ცენტრი, ხმის ბიომეტრია; თანამედროვე ტიპის ქოლ ცენტრი „საქართველოს ბანკისთვის“, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი; საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისთვის განხორციელებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მასშტაბური პროექტი.
ბოლო დროის პროექტებიდან შემიძლია, გამოვყო „მარიოტის“ ქსელის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Meridien და სამორინე Empire ბათუმში, სადაც IT სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები დავნერგეთ. ასევე – რამდენიმე დასრულებული და მიმდინარე პროექტი Evolution Gaming Georgia-ში; სახანძრო უსაფრთხოების გადაწყვეტები და სასერვერო სივრცის მოწყობა, ლოკალური ქსელის ინფრასტრუქტურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში; ინტეგრირებული IT და უსაფრთხოების გადაწყვეტები და ავტომატური პარკირების სისტემა „გალერია თბილისში“ და მრავალი სხვა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „გალერია თბილისმა“ წელს მოიპოვა უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი და გვეამაყება, რომ ამაში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა.
ეს გზა არ იქნებოდა მარტივი. რა სირთულეები და გამოწვევები გქონდათ და როგორ მოახერხეთ მათი გადალახვა?
დიდი ხნის მანძილზე, კომპანიის იმიჯი მისი შესრულებული პროექტების უკუკავშირზე იყო მიბმული და ჩვენს შესახებ მხოლოდ კონკრეტულ წრეებში იცოდნენ. დროსთან ერთად, მარკეტინგული აქტივობები დავიწყეთ და ცნობადობის ამაღლებას მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ.
დღეს უკვე ბევრმა იცის ჩვენს შესახებ და არა მხოლოდ ამ სფეროს წარმომადგენლებმა.
პანდემიის დაწყების შემდეგ აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა ბიზნესი. როგორ მოახერხეთ ადაპტაცია?
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა ბიზნეს სექტორი, ეს პერიოდი, ჩვენთვის, განსაკუთრებული ზრდის და აქტიური მუშაობის წლები აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ კომპანია უამრავ მიმდინარე პროექტში იყო ჩართული, ჩვენ მარკეტინგული კუთხითაც კარგად გამოვიყენეთ ციფრულ სივრცესთან გაორმაგებული მიჯაჭვულობა, რაც პანდემიამ განაპირობა. მედია არხები მაქსიმალურად გავაძლიერეთ, ჩვენს შესახებ უფრო მარტივად რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის.
კონკურენციაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? ამ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა?
იყო დრო და არც ისე დიდი ხნის წინ, როცა პირდაპირი კონკურენტები არ გვყავდა – ცალკეულ სისტემებზე ბევრი სხვადასხვა კომპანია მუშაობდა, თუმცა ინტეგრატორი კომპანიები ბაზარზე არ იყვნენ და ეს ჩვენი მთავარი უპირატესობა გახლდათ.
ნელ-ნელა ბევრი რამ შეიცვალა და დღეს, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. გარდა ადგილობრივი მოთამაშეებისა, ძალიან ხშირად, კონკურენციაში ვართ საერთაშორისო გიგანტ კომპანიებთან. ეს კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
ამიტომ, მუდმივი განვითარებისა და ზრდისკენ ვისწრაფვით.
და ასეთ მოცემულობაში „ვეზირის“ უპირატესობა რა არის?
ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხი, კვალიფიციური პერსონალი, საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა, საიმედოობა და ის გავლილი გზაა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა.
ახლა „ვეზირის“ ბრენდზე ვისაუბროთ. როგორ შეიცვალა ამ 25 წლის განმავლობაში?
ბრენდის ისტორიაც, ამ ბიზნესთან ერთად, 25 წლის წინ დაიწყო. პოზიციონირება მაშინ და დღეს, როცა ჩვენი საქმიანობის სფერო ბევრად უფრო ფართოა, განსხვავებულია. რაც შეეხება სახელს, „ვეზირი“ იმდენად ზუსტად გამოხატავს კომპანიის ხედვას, დამოკიდებულებას და ბიზნეს-ფილოსოფიას, რომ ცხადია უცვლელი რჩება. თუმცა, დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება ბრენდის ვიზუალური ელემენტები, საკომუნიკაციო ენა.
მაგალითად, 2015 წელს ჩვენ განვახორციელეთ რებრენდინგი, შევცვალეთ კომპანიის ლოგო და სხვა ვიზუალური სიმბოლოები. პანდემიის პერიოდში სრულად განვაახლეთ ვებგვერდი, თავიდან გავწერეთ ჩვენი თითოეული პროდუქტი, უფრო მეტი ადამიანისთვის რომ ყოფილიყო გასაგები და აღქმადი, რას ვთავაზობთ მომხმარებლებს.
ბოლო წლებში, გავხდით ბევრად უფრო ცნობადი, ჩვენი იმიჯი გახდა გაცილებით თანამედროვე, კონტენტი კი – ბევრად უფრო მარტივი, ადვილად აღსაქმელი.
რაც შეეხება მისიასა და ხედვას, კომპანია საკუთარ თავს ხედავს, როგორც აუცილებელ რგოლს სხვადასხვა ბიზნესების შეუფერხებელი წინსვლისთვის.
გამართული და საიმედო სატელეკომუნიკაციო, თუ უსაფრთხოების სისტემების გარეშე ვერ იფუნქციონირებს ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი ბიზნესი, ან დაწესებულება. ჩვენი პროდუქტი და მომსახურება სჭირდება ყველას და ვეზირის პოზიციონირებასაც ეს განსაზღვრავს.
როგორც აღნიშნეთ, მარკეტინგული კომუნიკაცია „ვეზირის“ ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო და ამ კუთხით ძალიან ბევრი იმუშავეთ. რა აქტივობები და კამპანიები გაქვთ დაგეგმილი, რას სთავაზობთ მომხმარებელს?
გარდა განახლებული ვებგვერდისა, ბოლო პერიოდში, ძალიან გავაქტიურდით ციფრულ არხებში. ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალება, რომ ხმა მივაწვდინოთ პოტენციურ მომხმარებელს. დავიწყეთ ე.წ. Case study ვიდეო რგოლების შექმნა, სადაც მომხმარებელს დეტალურად ვუყვებით თითოეული წარმატებული პროექტის შესახებ, რა სისტემები დავნერგეთ, რა პრობლემა გადავუჭერით კონკრეტულ დამკვეთს და რა სტანდარტები გამოვიყენეთ ამისთვის. მომავალ წელსაც ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს 12 განსხვავებული, ძალიან საინტერესო ვიდეოს მომზადება და გაშუქება სხვადასხვა არხებით.
როგორ წარმოგიდგენიათ „ვეზირის“ როგორც კომპანიის და როგორც ბრენდის განვითარება?
ვფიქრობ, ბრენდს დიდი პოტენციალი აქვს და ამას პირველ რიგში, განაპირობებს თავად კომპანიის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ.
ჩვენ დიდ რესურს ვდებთ როგორც თითოეული თანამშრომლის, ისე ჩვენი პროდუქტის განვითარებაში. პროგრესის ამ ტემპს თავად სფეროც განაპირობებს, რომელიც მუდმივად ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება.
უახლოეს მომავალში, ჩვენი მიზანია, მოვიცვათ მეტი არეალი, განვავითაროთ ბევრი ახალი პროდუქტი, ბრენდი გავაცნოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და „ვეზირი“ იყოს აღქმული როგორც დარგის ექსპერტი, საიმედო პარტნიორი და საუკეთესო დამსაქმებელი.
უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
„ვეზირი“ გახდა Milestone-ის ბრენდის პირველი და ერთადერთი პლატინის პარტნიორი რეგიონში, რაც ჩვენი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. რაც შეეხება გეგმებს, ახლა ვავითარებთ ელექტრობის მიმართულების გადაწყვეტებს, დაბალი და საშუალო ძაბვის კუთხით. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი. ვმუშაობთ, კიდევ უფრო განვავითაროთ ბიზნეს გადაწყვეტების მიმართულება. ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ, რომლებსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ.
წყარო: